19 წელი გახდება მალე, რაც პირველ არხზე ვმუშაობ, მიმუშავია სხვადასხვა ფორმატის ეთერებზე წამყვანებთან ერთად და ჩემს კარიერაში, ცხოვრებაშიც პირველად აღმოვაჩინე, რომ ადამიანების ჯგუფი ჩემგან, როგორც პროდიუსერისგან, ითხოვს, რა გავაკეთო, ვინ მოვიყვანო ეთერში და როგორ დავსვა კითხვა, - ამის შესახებ „მოამბის“ მთავარი გამოშვების პროდიუსერმა, ნინო თარგმაძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„იყო ერთი შემთხვევა, როდესაც, დაახლოებით დეკემბრის ბოლოს, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ვთქვი, რომ აქციის მონაწილეებს მე დავპატიჟებ, მე შევარჩევ. აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ გიორგი ჭანტურიასთან შეთანხმების გარეშე დავურეკე რამდენიმე რესპონდენტს. ერთ-ერთი მათგანი იყო ვახუშტი მენაბდე, რომელმაც ამიხსნა, რომ არ უნდოდა იმ ეთერში მონაწილეობის მიღება. მითხრა არგუმენტები. რა თქმა უნდა, რესპონდენტის არჩევანია, უნდა თუ არა კონკრეტულ დღეს კონკრეტულ გადაცემაში მონაწილეობა. ეს მისი უფლებაა. მეორე რესპონდენტი პაატა ციკოლია გაბრაზდა, რა უფლებით ვგეგმავდი იმ ეთერს, რომელიც იყო ხალხის, მე რატომ უნდა გადამეწყვიტა, იმ ეთერში ვინ მოვიდოდა სტუმრად და გამითიშა ტელეფონი. დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა ასე მუშაობა. შეგიძლიათ, ამოიღოთ რამდენიმე ეთერი, როდესაც წამყვანების კითხვა ხდებოდა საფუძველი იმისი, რომ მათი პროფესიონალიზმი დაეკნინებინათ, ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ. არ მესმის, წამყვანმა რა კითხვა შეიძლება დასვას ისეთი ჩვენს ეთერში, რომელიც დანაშაულია“, - განაცხადა ნინო თარგამაძემ.