,,წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდინარეები 40 000 ქვირითით დათევზიანდა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

დათევზიანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მინდია ჟღერიამ.