საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა... ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ საუბრობს და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.