არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლი“-ს ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირების საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
"სახელმწიფოს ვერ აუკრძალავ კანონის მიღებას. თუ თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, რატომ უნდა წახვიდე ამის წინააღმდეგ. რატომაც არ უნდა იყოს გამჭვირვალე?
ჩვენ, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, ყველაფერი გამჭვირვალეა ჩვენს გვერდზე, დევს აუდიტის მონაცემები. ჩვენ ეგ არ გვაღელვებს. არც თანამოაზრე ორგანიზაციებს ადარდებს შემოსული თანხის გამჭვირვალობა.
აქ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სრულიად მიუღებელი არის ის, რომ ყველას ერთნაირად, ერთიანად, წინასწარ აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ჯერ იყო „აგენტი“, პირველ ვარიანტში [2023 წლის მარტში], ახლა ვითომ შეცვალეს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ შემოიღეს, მაგრამ შინაარსი იგივეა.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?
მათ უკან მათი ოჯახები დგას. წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისა თუ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს! ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ერთჯერადად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ!
აი, ეს არის ყველაზე საგანგაშო. ეს არის ზუსტად საბჭოთა სტილი, რეპრესიების სტილი, როდესაც საზოგადოების დიდ სეგმენტს მტრულ კლასად აცხადებენ და ანადგურებენ. უბრალოდ აცხადებენ: არც გამოძიება, არც სასამართლო, არც არაფერი. მაგალითად, როგორც მოხდა განკულაკება საბჭოთა დროს.
„კავკასიური სახლი“ ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. არავინ რომ არ წერდა პროექტებს, ჩვენ მაშინ ვწერდით. ასე რომ, კარგად ვიცნობ არასამთავრობო სექტორს. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია სამშობლოს ინტერესებს ემსახურება, და არც ერთს არ შეიძლება კრიტიკა შეეხოს. წლების წინ კრიტიკული წერილიც კი მაქვს დაწერილი „ბრწყინვალება და სიღატაკე არასამთავრობო სექტორისა“. მაგრამ კრიტიკა ერთია და მისი ერთიანად მოსპობის სურვილი მეორე.
ამ კანონის მიზანი კი, როგორც ცხადად იკვეთება, საბოლოოდ მთელი არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციაა, რომ ვერავინ ამოიღოს ხმა მთავრობის დესტრუქციულ ქმედებათა წინააღმდეგ.
ამ კანონს ძალიან საეჭვოდ მიება დიდი ჰესებისა და ოფშორული ზონის პრობლემა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაშასადამე, ასევე, საქართველოში გამეფებული კაპიტალიზმი არის ველური, ყოველგვარი წესების, ყოველი მაღალი იდეის და იდეალის გარეშე. ის ინიღბება ტრადიციული, ზემატერიალური ფასეულობებით. სინამდვილეში კი მისი უმაღლესი და უსაკრალურესი იდეა, მიზანი და საზრისი არის მოგება. სულ ერთია რა გზით: ნარკოტიკებით, კაზინოებით, კრიპტოვალუტით, ფულის ჩარეცხვით, ქალაქების ჩაბეტონებით, თუ ჩვენი უნიკალური ბუნების, სასიცოცხლო სივრცის გამანადგურებელი გიგანტური ჰესებით.
როგორ მინდა მთელ ახალგაზრდობას გავაგებინო, რომ ეს დიდი ჰესები ისე უწყინარნი არ არიან, როგორც მათ შეაგონებს კაპიტალიზმის სამსახურში ჩამდგარი ხელისუფლება. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული უზარმაზარი ფინანსური კლანები არიან ამის შემოქმედები. და ისინი თავიანთ უპირველეს მტრებად ბუნების დამცველებს, ეკოლოგებს მიიჩნევენ. მათ სძულთ სიტყვა ეკოლოგია, დასცინიან მას და აბუჩად იგდებენ.
მე მგონი, ეს კანონი პირველ რიგში სწორედ ბუნების დამცველ ორგანიზაციებს დაარტყამს. ჯერ კიდევ როდის გამოაცხადა ჩვენმა მთავრობამ, რომელმაც მთელი რიონის ხეობა ასი წლით თურქულ კომპანიას აჩუქა, „რიონის ხეობის მცველები“ და „მწვანე ალტერნატივა“, ეს შესანიშნავი ადამიანები, ნამდვილი პროფესიონალები უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალად. ყოველგვარ შემოქმედებითობას მოკლებული, ჩვენებური მტაცებლურ-პარაზიტული კაპიტალიზმი ცდილობს, ბუნების უზომო, უგუნური ექსპლუატაციით აკეთოს ფული და ჩვენ ახალ-ახალ ეკოლოგიურ კატასტროფებს გვიმზადებს. რამდენი ხანია, რუსეთიდან გაიქცა ყველა გარემოს დამცველი.
„კავკასიური სახლი“ შეეცადა და ახლაც ცდილობს, მოიწვიოს საზოგადოების წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის გარშემო ამ კანონზე სასაუბროდ – კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. რათა ორივე მხარის არგუმენტებმა ერთად მოიყაროს თავი.
კანონის მოწინააღმდეგეები გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის, მომხრეებიდან კი დღემდე ერთიც ვერ დავითანხმეთ. თან გაუთავებლად იმეორებენ მანტრასავით, არგუმენტები არა გაქვთო. ეს იმიტომ, რომ დიალოგი არ შედის მათ ინტერესებში. მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თვით სამოქალაქო დაპირისპირებად და სისხლისღვრადაც კი, ეს კანონი უნდა მიიღონ. ეს კი თავზარდამცემია და რაღაც კიდევ უფრო დიდ უბედურებას მალავს. ასე რომ არ იყოს, დიალოგის შეთავაზება გაუხარდებოდათ.
მთელი ჩემი არსებით მოვუწოდებ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ხალხს და ასევე ახალგაზრდებს, არ წამოეგონ ანკესზე, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ, ერთი ნატანჯი ხალხი. ჩვენ შეგვახლიან ერთმანეთს და თვითონ მოგებას ნახავენ. ასე იყო აქამდე." - წერს ნაირა გელაშვილი "ნეტგაზეთში" გამოქვეყნებულ სტატიაში.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება