ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, არის შავი ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, იმდენად დიდი სურვილია, ეს ფული დაფარული დარჩეს, რომ სხვადასხვა ჯგუფი ყველაფერზე მიდის.

„ვხედავთ ზიზღის კამპანიას, ძალადობისკენ წაქეზებას სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფული დარჩეს დაფარული. სადაც შეიძლება, იყოს შავი ფული, ის უნდა იყოს გამჟღავნებული. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ „დროას“ აფინანსებდა ევროკავშირი EED-ის მეშვეობით და ეს არავინ იცოდა, არსად ჩანდა. საზოგადოებისთვის ეს დაფარული იყო და შემთხვევით გავიგეთ. მაგალითად ის, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიას აფინანსებდნენ ევროკავშირი და აშშ, NED-ის და EED-ის მეშვეობით „სირცხვილიას“ აფინანსებდა და ესეც შემთხვევით გავიგეთ. ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს. თავად გამოიტანენ შემდეგ დასკვნებს, ეს დაფინანსება კარგია თუ ცუდი, მეგობრულია თუ არამეგობრული. ვფიქრობ, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება, ამ საკითხის და ასეთი ორგანიზაციების დაფინანსება არის არამეგობრული ქცევა. ყველამ უნდა ვიცოდეთ და შემდეგ გვექნება ამის საფუძველზე ერთმანეთთან საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.