ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.
მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო ბევრი კრიტერიუმის და მისი განვლილი ცხოვრების გამო გამოარჩია.
"პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.
მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა" - აცხადებს მიტროპოლიტი საბა.
მიტროპოლიტ საბას მოსაზრებით, პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო აირჩია:
"ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება.
უფრო მეტიც, პატრიარქი იყო ერთ-ერთი გამგრძელებელი მონაზვნური, ბერული ცხოვრებისა, რომელიც კავშირშია ათონურ ცხოვრების წესთან, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დამკვიდრებული იყო სენაკში. მისი მოძღვარი, მამა შიო ძიძავა სწორედ იქ მოღვაწეობდა. იქ მოღვაწეობდა არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია და უფრო მეტიც, იქ მოღვაწეობდა წმინდა ალექსი ბერი შუშანია, რომელიც იყო საწყისი და გამგრძელებელი საქართველოში ამ ყველაფრის, ათონური მონაზვნური ცხოვრებისა.
პატრიარქი იყო ამის გამგრძელებელი და, ჩემი აზრით, ამის გამგრძელებელი დღევანდელ საქართველოში არის მეუფე შიო. არა მარტო იმიტომ, რომ ის იქ იყო არჩეული და ამის შესახებ გამოკვლევები აქვს და წერდა, არამედ იმ სკოლის გავლის გათვალისწინებით, რომელიც გაიარა ბერულ ცხოვრებაში, ეს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან. პატრიარქმა ეს ყველაფერი შეისწავლა და თითქოს, ჩემი აზრით, მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი, თითქოს თავის ახალგაზრდობას უყურებდა მასში.
მგონი, ყველაფერი ვთქვი, რაც მაწუხებდა, წესით, არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუ ყველა ამბობს, მე რატომ არ უნდა ვთქვა? ვის ვუჭერ მხარს? უპირობოდ მეუფე შიოს. არა იმიტომ, რომ მასთან პირადი ურთიერთობები მაკავშირებს 30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ ჩვენი ბერობიდან მოყოლებული. იმიტომ ვამბობდი, ჩემთვის პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომლის სიტყვას უპირობოდ ვენდობი და მივიღებ ჭეშმარიტებად, რომ ვიცი და ყოველთვის ვხედავდი პატრიარქში ღვთის ნების აღსრულებას. ამაზე ვიღაცები მეწინააღმდეგებოდნენ, ადამიანია პატრიარქი და რატომ არ შეიძლება, შეცდესო.
მე ვხედავდი, რომ პატრიარქი არ ცდებოდა, იმიტომ კი არა, რომ შეუმცდარი ადამიანი იყო, იმიტომ, რომ ის ღმერთმა პატრიარქობაში მოიყვანა ისეთი სულიერი მდგომარეობით, თავის თავს არ აძლევდა საშუალებას, ღვთის ნებისთვის ოდესმე გადაეხვია. ამას გვასწავლიდა ძალიან ფაქიზად, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, არაპირდაპირი სიტყვებით, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით, თავისი ქადაგებით, დამოკიდებულებით. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პატრიარქს ვენდობოდით 50 წლის მანძილზე, პატრიარქი უპირობოდ წმინდა ადამიანია – და ეს დროც მალე დადგება – და ა.შ. მაშინ მაგრამ არ უნდა არსებობდეს.
სიცოცხლეში თუ მისი ყოველი სიტყვა იყო მისაღები, უპირობოდ მისაღები, ეს ყველაფერი, რაც ვთქვი და თვალნათელია ყველასთვის, ხომ სიცოცხლეში განხორციელდა, სიცოცხლეში გაკეთდა, სიცოცხლეში ითქვა და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება. ადამიანს შეუძლია და ღმერთმაც შეიძლება, დაუშვას, რომ ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას, ის გააკეთოს, რაც მას სურს და მიაჩნია სწორად, თავისი თავისუფალი არჩევანი გამოიყენოს ამისთვის, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს, თუ რაღაც საზოგადოებას მოუწევს სინანული ამისთვის, თუ არა სასჯელის ატანა", – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.




