იმედი ვიქონიოთ, რომ გამოძიება რაღაცას მაინც გაარკვევს - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

„არასერიოზული იქნება რაიმე შეფასების გაკეთება, თუ რაიმე საიმედო და საფუძვლიანი ინფორმაცია არ გაგაჩნია. მერწმუნეთ, იაზე მეტი არ ვიცი, ვიდრე თქვენ იცით. გასაგებია, რომ რაღაცა იყო, მაგრამ მისი ფესვები რა იყო, როგორ იყო, მისი ნამდვილობა, მისი საფუძვლიანობა, მოწამვლა, არ მოწამვლა, ეს მაინც შესწავლის თემაა და მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ გამოძიება რაღაცას მაინც გაარკვევს და ბუნებრივია, წინდაწინ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა გაირკვევა.

ათასგვარი სპეკულაციური თემა შეიძლება განავითაროს მან, ვინც შეიძლება ამით იყოს დაინტერესებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ალბათ ჯობია, რომ გამოძიება დაინტერესდეს. გამორიცხული ხომ არაფერი არ არის ქვეყანაზე და ვერაფერს ვერ ვიტყვით, ან ისე იყო, ან ასე"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.