ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ, მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ჩვენ არ გვირეკავს არავინ, არ გვახსენებს მისი მდგომარეობა როგორ არის. ყველა ადამიანს ექმნება პრობლემები ყოველთვის. რაც ტელევიზიებიდან გვესმის ჩვენ, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. შეფასებები რაც არ ვიცი იმაზე როგორ უნდა გავაკეთო, ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ. ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარი და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯანმრთელობას ვუსურვებთ მეუფე შიოს და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს, სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს. თუ ვინმეს ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას. მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არავითარ ჭორებს"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.