საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება.
მეხუთე კვირა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დასრულდა. გამოჩენილმა ხელბურთელებმა - ლევან გელაშვილმა და შოთა თევზაძემ - ხელბურთის საჩვენებელი ილეთები წარმოადგინეს; კამერულმა თეატრმა მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „ბედნიერი დღეები“ (რეჟისორი გიორგი აფხაზავა); ქართული ფოლკლორის ნიმუშები შემოგვთავაზა ანსამბლმა „სახიობა“; ხოლო ღონისძიებები ზვიად ბოლქვაძის ბენდთან ერთად კონცერტით დაგვირგვინდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვანები პირველად მონაწილეობდნენ ლევილის ფესტივალში და რომ ფესტივალისადმი ინტერესი მაღალია, რასაც სტუმრების რაოდენობა მოწმობს.
მეხუთე საფესტივალო კვირაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სხვა ღონისძიებებთან ერთად დასწრებოდნენ ანსამბლ ,,მართვეს“ კონცერტს. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარმოადგინა ანსამბლ ,,ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაპრებმა“. მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი ,,დიდგორიც“. ეს ანსამბლები ლევილის ფესტივალში პირველად მონაწილეობდნენ.
ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, რომელიც ლევილის მამულში დაცულ სხვადასხვა პერიოდის წერილობით დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს გაეცნო, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე და სხვ.
როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ქართველთა მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს, ღონისძიების სტუმრებს შორის ასევე არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
წლევანდელ ფესტივალში ორი თვის მანძილზე 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა. ფესტივალის სტუმრებს ამ ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობაც აქვთ.
ინფორმაციისთვის: ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
ფესტივალის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100093465885117
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.