საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართული ფესტივალის მეოთხე კვირა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით წარმატებით გრძელდება.
ქართული ფესტივალი, რომელიც ლევილის მამულში მეორედ აღინიშნება, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას იმართება და დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
15 ივნისის ღონისძიებების სტუმრები ლევილის მამულში შეხვდნენ ცნობილ ქართველ მოჭიდავეებს: ნიკა ხარაზიშვილს, გიორგი ლურსმანაშვილს, გიორგი ხმალაძეს, ბაქარ ერაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ნიკოლოზ გოგალაძეს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ქართული ჭიდაობის ფალავანს, შოთა ხაბარელს, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს.
მოჭიდავეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები აჩვენეს. სტუმრებმა ასევე ნახეს საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის წევრების საჩვენებელი გამოსვლა.ფესტივალის მასშტაბურობისა და წარმატების გამო ლევილის კარატეს კლუბმა გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა ფესტივალთან. დღეს სპორტულ ღონისძიებებს სწორედ ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლები შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს. მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის „ოტელო" (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია); შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემია „მუზის“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო; ღონისძიების სტუმრების წინაშე წარდგა ,,იუმორინას“ მსახიობი ბესო ბერულაშვილი, რომელმაც მსმენელს სახალისო ისტორიები უამბო.
გაიმართა კონცერტი საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ხონის, ამბროლაურისა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები პირველად იმყოფებოდნენ ფესტივალზე.საზოგადოების წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“.ლევილში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას, ოთხი ნამუშევარი: ,,ის და ღამე, გალაქტიონი”, ,,პირველი შეხვედრა ევასთან”, ,,დღევანდელობის ბავშვი” და ,,თავისუფლება”.
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა ქეთევან ბაიშვილმა და იზოლდა მელიქიშვილმა ლევილის ქართულ-ფრანგულ მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ქართული ხალხური სარკავები (ავთენტიკური ფანდური, ორენიანი სალამური და მსოფლიოშო სახელგანთქმული საკრავის - პანის ფლეიტის ქართული ვარიანტი; ასევე - ,,ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო - ჰარმონიის სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ერქვანიძე) და ბოლო დროს გამოცემული ქართული ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა.ყველა ღონისძიება მსმენელისა და მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.მნიშვნელოვანია, რომ წელს 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში პირველად აღინიშნა განსაკუთრებით მასშტაბურად.
წლევანდელი ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები.წელს ფესტივალზე არაერთ სპორტის სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა.
ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ დაიდებს ბინას.ინფორმაციისთვის: ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.