თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს

საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ გააცნო  და უახლოეს მომავალში მათი ჩართულობით განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა

რექტორმა სასწავლო კურსების დუბლირების პრობლემის მოგვარებასა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენი სტუდენტები, განახლებულ სასწავლო პროგრამებზე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

თსუ-ში სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის პირველ ეტაპზე 60-მდე პროექტი დაფინანსდა. ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ამ მიმართულებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სამეცნიერო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით.

თსუ რექტორი სტუდენტებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე ესაუბრა. მისი თქმით, დოქტორანტ სტუდენტებს უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნებათ.  ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვასა და სასწავლო პროცესში მათ ჩართვას.

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ფესტივალში ინტელექტუალური, სპორტული, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გასვლითი ღონისძიებები, მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, გაიმართება კონფერენციები.