დღეს, უზბეკეთის ისტორიულ ქალაქ სამარყანდში, UNESCO-ს გენერალური, 43-ე კონფერენცია გაიხსნება. ფორუმს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის 200-მდე წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3 000-მდე დელეგატი ესწრება.

მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. კონფერენციის მონაწილეებს მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით 31 ოქტომბერს მიმართავს. ამავე დღეს, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. უზბეკ კოლეგასთან აუდიენცია უკვე შედგა. სამარყანდში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, რომელიც მიზანიც ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

"გაიმართება მნიშვნელოვანი მსჯელობები როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, გამომდინარე ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობიდან, რომელიც UNESCO-ს მემკვიდრეობაც არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი. ჩვენთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რათა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე უზბეკური საზოგადოებისთვის. სწორედ ამ ფარგლებში გაიმართება ქართული კულტურის დღეები", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.