საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, სატელეფონო ცენტრის და სერვისების განვითარების მიმართულებების ინტეგრაციის შედეგად ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების განვითარების სააგენტო შეიქმნა. შესაბამისი მთავრობის დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.

დღეის მდგომარეობით, სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ 17 უწყებას ემსახურება. ცენტრი ამუშავებს და ინახავს 250-ზე მეტი სერვისისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემებს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ბიზნეს ანალიზს, IT პროექტების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრის მართვას, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, გეოსაინფორმაციო სისტემების ადმინისტრირებასა და მომხმარებელთა ტექნიკურ მხარდაჭერას.

ახალი სააგენტოს შექმნა მიზნად ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვისა და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს ფუნქციების დუბლირებას, გაზრდის გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,  ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციას და გააუმჯობესებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისების განვითარებას.

ზემოაღნიშნულ ერთიან სტრუქტურაში კონსოლიდაცია შექმნის ცენტრალურ საინფორმაციო ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, ციფრული სერვისების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის ინტეგრირებულ სისტემას.