სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი საერთაშორისო კონფერენცია ,,პავლენნის“ დაარსებიდან 30 წელთან დაკავშირებით:

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ვერიის, ნაუსისა და კამპანიის მიტროპოლიტო პანტელეიმონ, ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო,

 ყველას მოგესალმებით დიდი პატივისცემით და გამოვთქვამთ ჩვენს კმაყოფილებას და სიხარულს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ, მეუფე პანტელეიმონ, გაწიეთ არამარტო საბერძნეთის, არამედ მთელი მართლმადიდებლობის წინაშე საერთაშორისო კონფერენციის ,,პავლენნის“ დაარსებით, რამაც დიდად შეუწყო ხელი პავლე მოციქულის სწავლებათა პოპულარიზაციას, ჩვენს ცხოვრებაში ქრისტიანული აზროვნების განმტკიცებას, თეოლოგთა დაახლოებას და ჯანსაღ დისკუსიებს... განსაკუთრებით კი მოსწავლე-ახალგაზრდებში სულიერების ამაღლებას.

 30 წლის მანძილზე ამ შეხვედრებზე, პავლე მოციქულის ეპისტოლეების მიხედვით, არაერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნა განხილული; მათ შორის: ,,ოჯახი და თანამედროვეობა“, ,,ქრისტე“, ,,თავისუფლება და პასუხისმგებლობა“, ,,ძალაუფლება და მორჩილებითი მსახურება“, ,,მისიონერობა“, ,,ქალი ქრისტიანობაში“, ,,სახარება და ეთიკა“, ,,ომი და მშვიდობა“... ამჟამადაც ფრიად საინტერესო საკითხია მსმენელთათვის შეთავაზებული, - ,,ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრება“.

 ეს არის I საუკუნის ქრისტეს ეკლესიის შესახებ უმნიშვნელოვანესი ცნობების წარმოჩენა, რომელიც მოიცავს იერარქიის აღწერას, ცოდნას სულიწმინდის მადლთა შესახებ, ზიარებისა და, საერთოდ, ლიტურგიისადმი, დამოკიდებულებას, როგორც ცოცხალ ურთიერთობას უხილავ ღმერთთან...

 მორწმუნეთა სული ხარობს, ძალისაებრ მათისა, ღვთის სიღრმეთა წვდომით და თქვენც, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ხართ სულიერი სიხარულის მომტანნი, ,,რადგან მსჯელობთ არა ადამიანური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით, არამედ სულის წმინდის მიერ ნასწავლით“, როგორც ბრძანებს მოციქული (1კორ.2:13)

 გეწეოდეთ ღმერთი და პავლე მოციქული. ყოვლადწმინდა სამებამ დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და მთელი მსოფლიო.

 ბოლოს მინდა განსაკუთრებულად მოგმართოთ, მეუფე პანტელეიმონ, და, ,,პავლენნის“ 30 წლისთავთან ერთად, მოგილოცოთ თქვენი მღვდელმთავრობის 30 წელიც. ბედნიერია თქვენი სამწყსო, რომ ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს და ბედნიერი ბრძანდებით თქვენც, რადგან პირველი ჟამის დაუღალავი მუშაკი ხართ ღვთისა.

 მრავალჟამიერ ჰყოს ქრისტემ თქვენი მსახურება, ამინ!"

 ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 26.06.2024