ფოთში მოქმედი მულტიფუნქციური შემოქმედებითი ჰაბი ,,არტელი“ მიმდინარე წლის 24 ივნისიდან ატარებს ვიზუალური ხელოვნების დარგის, დაზგური გრაფიკის სასწავლო კურსს, რომლის მენტორებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მხატვარ-გრაფიკოსები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის ხელოვნების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ირაკლი ტოკლიკიშვილი და პროექტის პარტნიორის - თბილისში არსებული ექსპერიმენტული სახელოსნოს „გრაფიკის თანამედროვე ცენტრი’’ თანადამფუძნებელი, ლეილა გრიგოლია.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულია, ხორციელდება კულტურის ხელშეწყობის პროგრამით - ,,სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“. აღნიშნული კონკურსით, საქართველოს მასშტაბით, სულ მხარდაჭერილია 6 პროექტი, მათ შორისაა ფოთში მოქმედი მულტიფუნქციური შემოქმედებითი ჰაბ „არტელის“ მიერ წარდგენილი ინიციატივა.
„დაზგური გრაფიკის ტექნიკის ლინოგრავიურის სასწავლო კურსი მოიცავს შავ-თეთრი და ფერადი ლინოგრავიურის შესახებ თეორიული ცოდნის გაზიარებასა და ლინოგრავიურის დამზადების ტექნიკის სწავლებას. აღნიშნული კურსის მიზანია ფოთში არსებულ სახელოვნებო მიმართულებით დაინტერესებულ პირთა ცნობიერების ამაღლება, დაინტერესება, დარგის პოპულარიზაცია და გავრცელება, ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული თანამშრომლობა-სწავლება - დაზგური გრაფიკის ტექნიკების მიმართულებით. პროექტის შედეგად შედგა თანამშრომლობა ფოთში მულტიფუნქციურ შემოქმედებით ჰაბ „არტელსა" და თბილისის ტრადიციული და ექსპერიმენტული დაზგური ბეჭდვის სახელოსნოს "გრაფიკის თანამედროვე ცენტრს" შორის. ორივე მხარის აქტიური ჩართულობის შედეგად პირველად ჩატარდა დაზგური ბეჭდვის კურსი ფოთში. სასწავლო კურსით დაინტერესდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებების კულტურის სფეროს წარმომადგენლები“, - განაცხადა პროექტის კრეატიულმა მენეჯერმა, ნატალია კეკელიამ.
„პროექტის მონაწილეები გაეცნენ დაზგური ბეჭდვის ფუნდამენტებს, შეისწავლეს ტრადიციული ბეჭდვის ტექნიკები.
დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ფარგლებში ლინოგრავიურის სასწავლო კურსი გაიარა 44-მა პერსონამ, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებმა. პროექტი აქტიურ ფაზაშია და დაზგური გრაფიკისადმი ადგილობრივების ინტერესი დღითი დღე უფრო ძლიერდება. განიხილება პროექტის გაგრძელების იდეა, რაც გულისხმობს ოფორტის დაზგაზე მუშაობის სასწავლო კურსის განხორციელებას ფოთში“, - აღნიშნა ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის ხელოვნების მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა, ირაკლი ტოკლიკიშვილმა.
დაზგურ გრაფიკაში-ფოთის სახელოვნებო სტარტაპისა და თბილისში მოქმედი წარმატებული გრაფიკის ცენტრის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაგეგმილია ფოთის შუქურაზე, სადაც გამოიფინება ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი 100-მდე ნამუშევარი.
ფოთში, მულტიფუნქციურ შემოქმედებით ჰაბ „არტელსა" და თბილისის ტრადიციულ და ექსპერიმენტულ დაზგური ბეჭდვის სახელოსნოს „გრაფიკის თანამედროვე ცენტრს" დაგეგმილი აქვს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელება და ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელება ვიზუალურ ხელოვნებაში, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგით ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, კულტურული მოვლენების დეცენტრალიზაციას, ქმნის ახალი ინტერესების მიზიდულობის ცენტრს ფოთში მოქმედ მულტიფუნქციურ კულტურულ სივრცეში.