"საქართველო, კოლექტიური სიამოვნება" - ასე იწყებს სათაურს საქართველო-პორტუგალიის მატჩის მიმომხილველ სტატიაში გამოცემა SO FOOT com. 

ტურნირის დებიუტანტები სენსაციის ავტორებად იქცნენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ერთ კაცად იყო შეკრული ამ თამაშზე, საოცარი შედეგი აჩვენა, წერს გამოცემა. ქართველებს ძალიან უყვართ სადღეგრძელოების თქმა და სანამ ღვინით სავსე ბოკალს ტუჩებთან მიიტანენ, ერთმანეთს  ჯანმრთელობას, წარმატებას და წინსვლას უსურვებენ...პორტუგალიასთან თამაშის დროს, დარწმუნებულები ვართ, ყველა ადათ-წესი დაივიწყეს და საფინალო სასტვენის შემდეგ, ამ პატარა ქვეყანაში წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა...

ფაქტი ერთია, მსოფლიომ გაიცნო საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ლეგენდა ქრიშტიანუ რონალდუ ცალ ფეხზე დააჩოქა...და როგორ ფიქრობთ, რის წყალობით მოხდა ეს? სწრაფად გატანილი გოლი არ ყოფილა მხოლოდ მიზეზი, ამას თან ერთოდა დისციპლინა და ერთსულოვნება გუნდში.  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გულით უდგებიან იმ საქმეს, რომელსაც აკეთებენ და  ისინი წერენ არა მხოლოდ ფურცელს, არამედ მთელს თავებს იმ რომანისთვის, რომლის ფინალიც არავინ იცის, როგორი იქნება.

ერთ-ერთ ე.წ ქარდზე, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ასეთი სათაურია: დაივიწყეთ ინგლისი, საფრანგეთი და ბელგია, სიამოვნების მისაღებად არსებობს საქართველოს ნაკრები!

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტთან, პორტუგალიასთან ბრძოლა არ იყო მარტივი ამოცანა და ამას ვილი სანიოლი ძალიან კარგად აცნობიერებდა. ამიტომაც უთხრა მან თავის ბიჭებს, "ითამაშეთ ისე, როგორც თამაშობდით 16-17 წლისანი და არ იფიქროთ არაფერზე". 

"რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ მხრებზე არანაირი ტვირთი არ გაწევთ, ჩვენი მთავარი მიზანია ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობა და ქართველ ერს მივცეთ იმის საშუალება, რომ იამაყონ ჩვენი თამაშით, რასაც ყველაზე მეტად ელოდებიან ჩვენგან" - ასეთი იყო ვილი სანიოლის პოზიცია, წერს გამოცემა. 

და მოხდა ის, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი ბედი თავის ხელში აიღო. ახლა ველოდებით რევანშს ესპანეტთან, რომელთანაც საქართველოს პლეი-ოფში ორი თამაში აქვს წაგებული" - წერს გამოცემა.