უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ სააკაშვილის ოფისში და გაუზიარებენ, შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ჩემი სურვილი იქნება, ოფისი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აღწევს პარტიების ოფისამდე, მე ასე წარმომიდგენია, ეს იქნება ადგილი, სადაც ყველას მოესვლება. უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ და გაუზიარებენ. შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. ჩემი სურვილი იქნება, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს. აი, ეს არის ჩემი სურვილი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.
„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, რადგან საერთოდ კუნთის ნასახი არ აქვს ადამიანს. გულიც ხომ კუნთია და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე შიშით შევდივარ, გული რა წუთში გაჩერდება, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
სააკაძის დაღმართზე დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა. სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეებს შეეძლებათ ოფისში სააკაშვილისთვის წერილების დაწერა და დატოვება.