უკვე მესამე დღეა თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს დილის 10 საათიდან ოჯახთან და სამაშველო სამსახურის ჯგუფებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში მოხალისეებიც ჩაერთნენ.
ძებნა მიმდინარეობს დრონებით. ვიდეო კამერის ჩანაწერიდან გაირკვა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს, ვაკის პარკის წინ აფთიაქში და ქსელურ მაღაზიაში შევიდა.
"ამონაწერით ირკვევა, რომ დღის 13:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, სანამ ტელეფონი გაითიშებოდა, ტელეფონი მუდმივად მდებარეობდა მაგთის ერთი გადამცემის მოქმედების ზონაში, რომელიც ემსახურებოდა ვაკის პარკს. ახლა პოლიციას უწევს ყველა კამერის სათითაოდ გახსნა და გაშიფვრა. პარალელურად, ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ გამოძიებას და ჩავიაროთ ვაკის მიმდებარე ტერიტორია" - აცხადებს გიორგი გახელაძის ძმა, ლევან გახელაძე.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 133-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გიორგი გახელაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, მისმა მეუღლემ "ფეისბუკში" გაავრცელა.
საბავშვო მწერალ ირმა მალათიძის ინფორმაციით, მისი მეუღლე პროფესორი გიორგი გახელაძე გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. "SOS!!!!არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!გიორგი გახელაძე გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.
გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090 - წერს ირმა მალათიძე.
გუშინდელი ძებნა უშედეგოდ დასრულა.
საღამოს გიორგი გახელაძის ძმამ, ლევან გახელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს დილის 10 საათზე.თან იქონიეთ ქუდები და წყალი - მოსალოდნელია ცხელი დღე.ყველას წინასწარ დიდი მადლობა!"