ადამიანთა ცნობიერების განვითარების მაღალი დონე ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს "სოციალური პასი" - პიროვნული სარგებლის დათმობა მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად,- - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ბურთიან თამაშებში პასის (გადაცემის) არსებობა ნიშნავს იმის მოხვედრას, რომ ბურთმა შეიძლება ადამიანზე სწრაფად იმოძრაოს და გუნდი გამარჯვებამდე უფრო გონივრულად და მეტი ალბათობით მიიყვანოს.
ადამიანთა ცნობიერების განვითარების მაღალი დონე ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს "სოციალური პასი" - პიროვნული სარგებლის დათმობა მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად.
ეს იგივეა, რაც ეგოიზმის - კაცისა და კაცობრიობის ყველაზე დიდი მტრის - დამარცხება.
განა რუსთველმაც ეს არ თქვა? - "რასაცა გასცემ, შენია".
საქმე შეიძლება ერთმაც გააკეთოს და ბევრმაც.
არის ისეთი საქმეები, რომლებსაც ინდივიდი ვერასდროს გააკეთებს - იდეა ერთია და მისი განხორციელება - მეორე.
ასეთ საქმეს თანამოაზრეობა, კეთილგანწყობა და ერთობა სჭირდება.
მიზანშეწონილობის გაცნობიერება - მაინც.
როგორც სულხან-საბამ მიგვანიშნა, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ამას მოშუღლარი ძაღლებიც ხვდებიან, როდესაც (სხვა დროს ერთმანეთთან ლამის სასიკვდილოდ დაპირისპირებულნი) საშიში მტრის მოსვლისას ერთიანდებიან.
"სოციალური პასი" საზოგადო სიკეთეა, რომელსაც ალტერნატივა არასდროს აქვს - იდეა უფრო სწრაფად მოძრაობს, როდესაც ბევრის ნება მიზანმიმართულად ერთიანდება.
ამქვეყნად ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემაა, ადამიანებმა ურთიერთობისა და საქმიანობის ჰარმონია რომ არ ვეძებოთ.
ეს ქართველებსაც გვეხება.
ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველო ჯერ გონიერებასა და ერთნებობაში (დიდ ქართველს - არჩილ ჯორჯაძეს უყვარდა ამ სიტყვის - "ერთნებობის" - ხსენება) იბადება და შემდეგ - სივრცესა და დროში.
ამ სახლის მშენებელნი ყველა ერთად ვართ: ზოგი - მეტად და ზოგიც - ნაკლებად, მაგრამ - ერთად.
სახლს მხოლოდ აშენება კი არა, მოვლაც უნდა - რომ არ დაინგრეს.
გადააწოდე ბურთი, მიეცი პასი, იყავი საერთო საზრისის მონაწილე - მხოლოდ ასე შეიქმნება ჩვენი ქვეყნის ყველასთვის სასურველი კეთილი და ბედნიერი მომავალი.
თუ არადა, გექნება ეს მისაკუთრებული ("დაუთმობელი") ბურთი და მალევე უეჭველად წაგართმევენ“,- წერს გია მურღულია.