ზუგდიდის მერი დავით კოდუა, პირველ მოადგილე ნუგზარ გაბელიასთან ერთად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერს, ბესიკ ბუკიას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების უსაფრთხოების საკითხების განხილვა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების დამატებით მონიტორინგზე.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული ზუგდიდელის უსაფრთხოება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებების პერიოდულ შემოწმებას,“ – განაცხადა დავით კოდუამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აბონენტების შემოწმება მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო რეკომენდაციები გაიცემა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ხელი შეუწყონ კომპანიის წარმომადგენლებს გეგმიური სამუშაოების შესრულების პროცესში.საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:
📞 16114 – ცხელ ხაზზე
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 46 ადმინისტრაციული ერთეული სრულად გაზიფიცირებულია, ხოლო ერგეტისა და ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 35 568 აბონენტი.




