იესომ განწმინდა სამყარო ადამის ცოდვისგან და წმინდა წყალს ახალ მომავალშიც მისცა ძალა ნათლის გადაცემის, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნათელი ნათელს იღებს.
ის მაგალითია, ნიმუშია, რომელიც დროში შემოვიდა, განკაცდა და სამარადისოდ გვაჩვენა, როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ღვთის ხატება და მსგავსება აქვს.
იესომ განწმინდა სამყარო ადამის ცოდვისგან და წმინდა წყალს ახალ მომავალშიც მისცა ძალა ნათლის გადაცემის.
ეს "ახალი მომავალი" სწორედ მან შექმნა - ფერისცვალების დრო, რომელშიც იცხოვრებს ადამიანი, თუ მისი გზა აირჩია.
ის თავად არის სწრაფვაც, გზაც და მიზანიც.
დალოცვილია იორდანე, რომელმაც უფლის ნათელი მიიღო და მოესწრო მთავარ სახილველსა და მამის ხმის გაგონებას - მაცხოვრის მონათვლას საკუთარ წიაღში, სულიწმიდა-მტრედის დადგრომას მის თავზე და წმიდა სიტყვებს: "ესე არს ძეი ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ".
გვესმის და შევისმინეთ?
ღმერთმა და საკუთარმა ბუნებამ შეგვაძლებინოს.
გილოცავთ ნათლისღებას!“,- წერს გია მურღულია.