გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე 14 ოქტომბერს აღინიშნება და 1977 წელს თბილისში ჩატარებულ გარემოსდაცვითი განათლების მთავრობათშორის კონფერენციას უკავშირდება. 

აღნიშნულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა „თბილისის დეკლარაცია”, რომელიც წარმოადგენს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკის დოკუმენტს გარემოსდაცვითი განათლების სფეროში. გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის ფარგლებში ჩატარებული ახალგაზრდული ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებში. ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სხვადასხვა პროგრამის კურსდამთავრებული 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ახალგაზრდა მოხალისეებმა, კლიმატის ელჩებმა, ასევე, „ეკოლიდერთა სკოლის“, „სატყეო სკოლის” და „აგროსკოლის“ მოსწავლეებმა და „მწვანე სტიპენდიების“ მფლობელმა სტუდენტებმა. მონაწილეებმა პანელურ დისკუსიებში სფეროს სპეციალისტებთან ერთად გარემოსდაცვით და აგრარულ სექტორში არსებულ სიახლეებზე, საჭიროებებზე და ახალგაზრდებისათვის არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროგრამის ოფიცერი ხათუნა ზალდასტანიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ სამხარაძე და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.