gარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგების ციკლი ჩატარდა
ტრენინგები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
ტრენინგების პროგრამა მოიცავდა თემებს: ნარჩენების მართვა და დახარისხების პრაქტიკული მიდგომები; პლასტმასის უარყოფითი გავლენა გარემოზე და დაზოგვის, შემცირების და ხელახლა გამოყენების ალტერნატივები; ადგილობრივი ეკოსისტემების და თბილისის ურბანული გარემოს დაცვა; ცხოვრების სტილის მცირე ცვლილებების შედეგად ნახშირბადის ნაკადის შემცირება; გარემოსდაცვითი აქტივიზმი და ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერება.
ტრენინგები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ჩანახატების/პოსტერების შექმნას და ჯგუფური დავალებებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენი მიზანია, სკოლებში ეკოლოგიური ცნობიერება არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ პრაქტიკულ დონეზეც გავზარდოთ. როდესაც ბავშვები თავად ხედავენ, როგორ მოქმედებს მათი ყოველდღიური ქცევა გარემოზე, ცვლილება გაცილებით მარტივად ხდება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.









