BBC-ის სტატიაში წერია, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“ - ტრიქლორეთილენი - C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში!, - ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი, ირაკლი ალადაშვილი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც თბილისში გამართულ აქციებზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზეა საუბარი.
„რამდენად საფუძვლიანია „ბი-ბი-სის“ ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე?
ბრიტანულმა BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ...
BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ (Camite) უწოდეს“.
„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - წერს BBC-ი.
ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომლის დასამტკიცებლად BBC-ის საგამომძიებლო ჟურნალისტებმა სამი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს:
პირველი - გამოკითხეს მომიტინგეები, რომლებიც აცხადებნენ, რომ სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა;
მეორე - ესაუბრნენ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მას დაავალეს შეემოწმებინა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შერევის შემდეგ წარმოქმნილი ეფექტი, რის შემდეგაც მან და მისმა ორ ათეულამდე კოლეგამ თავი ცუდად იგრძნო და მისი რეკომენდაცია იყო, აღარ გამოეყენებინათ ეს ნივთიერება, თუმცა მას 2022 წლამდე (ვიდრე შერგელაშვილი ჯერ კიდევ მუშაობდა შსს-ს სტრუქტურაში) მაინც ამატებდნენ იმ წყალმტყორცნი მანქანების ავზებში, რომლებიც დემონსტრანტების წყლის ჭავლის საშუალებით დაშლისას გამოიყენებოდნენ;“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.








