საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, მოქალაქეებს ქალაქ ფოთში მასპინძლობენ. 

ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე, 12:00 საათიდან დაიწყო, სადაც საზღვაო თემატიკის სივრცეა მოწყობილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს, საზღვაო აკადემიის ახალი ბენდი „Ocean Drive“, რომელმაც საზღვაო აკადემიის და მეზღვაურთა ჰიმნი, ასევე სხვა ცნობილი სიმღერები შეასრულა.

მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ბათუმისა და ფოთის შუქურას ინსტალაციები, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შენობის მაკეტი, გემის მართვის სიმულატორი. მოედანზე განთავსებულია საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ სასწავლებლის წარმომადგენლებისგან, სრული ინფორმაცია მიიღონ. აქვე მოწყობილია შემეცნებითი სივრცე: საზღვაო კვანძების გაკეთების მასტერკლასი და გემის მართვის სიმულაცია.

ღონისძიებას, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე ახვლედიანი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე ესწრებიან.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია ყველა დღესასწაულებს შორის. დღეს ეკონომიკის სამინისტრო, საზღვაო სააგენტო სწორედ ფოთშია წარმოდგენილი იმიტომ, რომ ფოთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ  სწორედ ფოთის გამოცოცხლების ერთ-ერთი სიმბოლო იყო ჩვენი საზღვაო სასწავლო ცენტრი, რომელიც აქ გაიხსნა. როგორც ცნობილია, ქვეყნის აღმშენებლობაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ ქართველ მეზღვაურებს და სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ამ პერიოდში ქართველი მეზღვაურები არიან ერთ-ერთი დიდი დოვლათის შემომტანი ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით 150-იდან 200 მლ. ლარამდე ყოველწლიურად შემოაქვთ ქართველ მეზღვაურებს და სასიხარულოა, რომ მათი რიცხვი არის მზარდი. დღეს უკვე 15 ათასამდე მეზღვაური გვყავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  სწორედ ამ პერიოდში თუნდაც სასწავლებლებში გასამმაგებულია მოთხოვნაა და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, საზღვაო დარგი უფრო ავიდეს იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ. უახლოეს პერიოდში იქნება დაანონსებული კიდევ ბევრი სიახლე, თუ რა კეთდება ფოთისთვის, თუ რა კეთდება ჩვენი საზღვაო აკვატორიისთვის. ვიცით რომ აშენდა და მოდერნიზაცია გაუკეთდა რამდენიმე პორტს, იწყება ახალი პორტის მშენებლობა, ასევე იგეგმება რეფორმები მეზღვაურთა განათლების კუთხით“ , - განაცხადა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ახვლედიანმა.