საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ქართული უხმო კინოს 4-დღიანი რეტროსპექტივა რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ 1924 წელს გადაღებული "სამი სიცოცხლით" გაიხსნა.

 
კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ოთხი დღის განმავლობაში იხილონ 1920-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ნამუშევრები, რომლებიც რესტავრირებული სახით კინომკვლევარებისა და ფართო აუდიტორიისათვის პირველად იქნება წარდგენილი.  

ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „წითელი ეშმაკუნები“ (1923 წელი, რეჟისორი ივანე პერესტიანი), „პირველი კორნეტი სტრეშნევი“ (1928 წელი, რეჟისორები: მიხეილ ჭიაურელი და ეფიმ ძიგანი), „ბოშური სისხლი“ (1928 წელი, რეჟისორი ლევ პუში), „ნათელა“ (1926 წელი, რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი), „თეთრი მხედარი (ომის ღმერთი)“ (1929 წელი, რეჟისორი ეფიმ ძიგანი) და „მთის კანონი“ (1927 წელი, რეჟისორი ბორის მიხინი). 

ფილმებს ახლავს ინტერტიტრები ქართულ და ინგლისურ ენაზე. 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი მუდმივად ზრუნავენ კინომემკვიდრეობის აღდგენასა და პოპულარიზაციაზე. რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმების მაღალი ხარისხით გაციფრულებაც ორი ინსტიტუციის მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობდა. 

ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ: ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე და ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი. 

ფილმების ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.