მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ამ მიმართულებით თანხები გაორმაგდა და 31 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„2026 წელს 700-მდე ამორტიზებული ლიფტის განახლება და სრული  რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ყველა ამორტიზებული ლიფტი განახლდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულდა 100-მდე ლიფტის სრული განახლება, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 54 ლიფტის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„გამგეობები განიხილავენ შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობა სრულად აფინანსებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის ლიფტების განახლებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.