ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N2 კორპუსში ამორტიზებული ლიფტი ჩანაცვლდა. 

სულ, ამჟამად 34 ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 481 000 ლარია გამოყოფილი.   დასრულებულ სამუშაოს ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N2 კორპუსში ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. 

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.