ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით, ამორტიზებული ლიფტების გამოცვლა ამ დროისთვის 14 მისამართზე მიმდინარეობს, 55 მისამართზე კი, სამუშაოები დასრულდა.
ახლახან ლიფტების დამონტაჟება დასრულდა ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N5ა კორპუსსა და ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N22ა კორპუსში.
მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 2 690 367 ლარი გამოიყო. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით, მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.




