"ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ; ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, ამავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფოებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ რაციონალურად, ემოციების გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შესაძლო ზიანი.

"ერთ-ერთ მედიკამენტზე - ელევიდისზე, რომელიც სატელევიზიო ეთერებითაც დასახელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის პრეპარატი, რომელზეც ბრიფინგის დროსაც ვისაუბრე: შარშან ამ დროს რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვეწეოდა ორი მთავარი მარეგულირებლის - ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და აშშ-ის FDA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მედიკამენტთან დაკავშირებით დიდ სკეპტიციზმს აჩენს.

ევროპის წამლის სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ამ პრეპარატის ეფექტიანობას. საუბარია 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტზე - ერთი ბავშვის დოზაზე. ამ პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით EMA სერიოზულ კითხვებს სვამს. არსებობს FDA-ის გადაწყვეტილებაც, რომელსაც მანამდე ამ პრეპარატისთვის მინიჭებული ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია. "დაჩქარებული" ნიშნავს, რომ ავტორიზაცია გაიცემა გამარტივებული წესით, ანუ ეს არის პირობითი დაშვება.

შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების დამატებითი კვლევა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს მძიმე გვერდითი ეფექტები და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს - დაფიქსირდა უეცარი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაც. განა ეს არ არის საკმარისი, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც იმავე საკითხებს განიხილავენ?!

იმ პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებიც ამ საკითხზე ბოლო დღეებში აქტიურობდნენ, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც შესაძლოა მიკერძოებული იყოს - ეს სახელმწიფოები ვერ აძლევენ თავს უფლებას, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღონ. ისინი ელოდებიან მეტ მტკიცებულებას, მეტ ინფორმაციას და სრულ სურათს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.