84 წლის ასაკში არქიტექტორი და მშენებელი ტალი ტალიაშვილი გარდაიცვალა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბატონი ტალი ტალიაშვილის გარდაცვალების გამო. თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი ბატონი ტალი ასევე დიდი ქველმოქმედიც იყო. ბოდბის მონასტრის მიმართ ბ-ნ ტალის სხვადაახვა დროს მნიშვნელოვანი დახმარება აქვს გაწეული. ამ საუკუნის დასაწყისში ის კომპიუტერებსა და მონასტრისთვის სხვა საჭირო ნივთებს გვწირავდა. ხოლო როდესაც ბოდბის მონასტერში მეწყერი განვითარდა ბ-მა ტალიმ მეუფე იაკობისა და ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილის შუამდომლობით 25 ხიმინჯით სრულიად უსასყიდლოდ გაამაგრა მცოცავი რელიეფი. ასევე მან მონაწილეობა მიიღო ბოდბის ახალ პროექტში რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტალის სული და მის მიერ გაკეთებული უამრავი სიკეთე წინ დაახვედროს! ვუსამძიმრებთ ბ-ნი ტალის მეუღლეს და შვილს-დავითს, რომელიც მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებს." - ინფორმაციას ბოდბის დედათა მონასტერი ავრცელებს. 

ტალი ტალიაშვილი  1941 წლის  29 ნოემბერს თბილისი დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში; 1977 წლამდე მუშაობდა საგზაო სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლის, უფროს სამუშაოთა მწარმოებლის, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1977 წლიდან სათავეში ჩაუდგა საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტს", გენერალური დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში პროექტირების ახალი მეთოდების დანერგვაში, საავტომობილო გზებისა და მასზე განლაგებული ნაგებობების კვლევა-ძიებასა და დაპროექტების სრულყოფაში; თნამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ დონეზე ინსტიტუტის აღჭურვაში, მისი საკვლევაძიებო, საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე წარმოებაში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია საქართველოს საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი პროექტები: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი; "თბილისი-რუსთავის" ავტომაგისტრალის მშენებლობა;  "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტომაგისტრალის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები; ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობის პროექტები; მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო, საპატიო წოდება და სიგელები.