ევროპელმა ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტუსკი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სანჩესი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნათქვამია, რომ არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და გადამწყვეტია საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
„ნატომ ნათლად განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტულია და ევროპელი მოკავშირეები აძლიერებენ თავიანთ როლს. ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ გავზარდეთ ჩვენი <იქ> ყოფნა, აქტივობები და ინვესტიციები, რათა შევინარჩუნოთ არქტიკის უსაფრთხოება და შევაკავოთ მოწინააღმდეგეები. დანიის სამეფო - მათ შორის გრენლანდია - ნატოს ნაწილია.
ამიტომ, არქტიკაში უსაფრთხოება უნდა იყოს მიღწეული კოლექტიურად, ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს წესდების პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის, დაცვით. ეს უნივერსალური პრინციპებია და ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დაცვას.
შეერთებული შტატები, როგორც ნატოს მოკავშირე და დანიის სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების მონაწილე, ამ საქმეში მნიშვნელოვანი პარტნიორია.
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიას, და მხოლოდ მათ, შეუძლიათ გადაწყვიტონ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისთვის, 1951 წელს ვაშინგტონმა და კოპენჰაგენმა, ნატოს ალიანსის წინაშე ვალდებულებების გარდა, ხელი მოაწერეს გრენლანდიის (დანიის სამეფოში ავტონომიის უფლებით შემავალი სუბიექტის) თავდაცვის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვის ვალდებულება აიღო.




