ჩინეთში „პატარძლების“ მასშტაბური თაღლითობა მძვინვარებს - ქალები მზითევს იღებენ და უკვალოდ ქრებიან. 

როგორც ჟურნალისტები წერენ, ჩინეთში მზარდმა დემოგრაფიულმა დისბალანსმა და ოჯახის შექმნის სოციალური წნეხმა მასშტაბური სასიყვარულო თაღლითობის ტალღა წარმოშვა

ათასობით მარტოხელა მამაკაცი, რომლებიც  ქორწინებას ჩქარობენ, ორგანიზებული ჯგუფებისა და თაღლითი ქალების მსხვერპლი გახდა.

სქემის არსი კი მზითევის მითვისებაში მდგომარეობს. 
ჩინურ კულტურაში ღრმად არის ფესვგადგმული „საქმროს საჩუქრის“ (Cai Li) ტრადიცია - თანხა და ძვირფასეულობა, რომელსაც კაცი ქალის ოჯახს ქორწინებამდე გადასცემს. 

თაღლითები სწორედ ამ წესით სარგებლობენ:
 ქალები მარტოხელა კაცებთან ურთიერთობას იწყებენ და მოკლე დროში ქორწინებაზე თანხმდებიან.
 ოჯახის შექმნის პირობით, ისინი საქმროსგან ათეულობით ათასი ევროს ექვივალენტ თანხასა და ოქროს სამკაულებს იღებენ და ფულის გადაცემიდან რამდენიმე დღეში ქალები უკვალოდ ქრებიან, ან ხელოვნურად აწყობენ კონფლიქტს, რათა დაშორების მიზეზი იპოვონ და თანხა არ დააბრუნონ.

პრობლემის სათავე ათწლეულების განმავლობაში მოქმედი „ერთი ბავშვის პოლიტიკაშია“, რამაც ქვეყანაში გენდერული დისბალანსი შექმნა. 

დღეისათვის, ჩინეთში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას დაახლოებით 30 მილიონით აჭარბებს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოფლის რეგიონებში მცხოვრები კაცები არიან. ოჯახისგან და საზოგადოებისგან არსებული უზარმაზარი წნეხის გამო, ისინი ხშირად წლების დანაზოგს ან ვალად აღებულ თანხას თაღლითებს უხდიან, რის შემდეგაც სრულიად გაძარცვულები და ვალებში ჩაფლულები რჩებიან. 

პოლიციის ცნობით, მსგავსი ჯგუფები ხშირად ყალბი პირადობებით მოქმედებენ და ერთსა და იმავე სქემას სხვადასხვა პროვინციაში ათობით მამაკაცთან იმეორებენ.