თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს, მაია ბოკერიას კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც სასამართლოს დატოვების შემდეგ, მაია ბოკერიამ განაცხადა, მოსამართლემ მის შემთხვევაში გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 12 წლამდე შვილები ჰყავდა და ჯარიმა განუსაზღვრა.
„მტკიცებულება ყველასთვის ერთნაირი იყო – გზის გადაკეტვა იმ ახალი უსამართლო კანონის მიხედვით, რაც მიიღეს, ეს იყო მთავარი, რის გამოც უნდა დავსჯილიყავით. მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემს შემთხვევაში, რადგან 12 წლამდე ბავშვები მყავს, ეს გაითვალისწინა და ჯარიმით შემოიფარგლა, ხოლო ვასკას, გაგვიკვირდა კიდეც, რომ უფრო მეტიც არა და შვიდი დღით პატიმრობა შეუფარდა“, – განაცხადა მაია ბოკერიამ.
ამასთან, სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა გამომცემელ ზვიად კვარაცხელიას.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია და ზვიად კვარაცხელია რუსთაველის გამზირზე გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს.




