საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით (№2/29/1714) ეკატერინე კიკნაძის კონსტიტუციური სარჩელი (4.07.2022) საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ არსებითად განსახილველად არ მიიღო.
წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში ეკატერინე კიკნაძე სადავოდ ხდიდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შინაარსს, გასაჩივრებული ნორმა კი განსაზღვრავს სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებული პირის დაშვებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს - ეროვნული მუზეუმის დირექტორატს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის წინააღმდეგობას განაპირობებს მუზეუმის დირექტორატისათვის მინიჭებული აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნებისათვის დაინტერესებული პირის, მათ შორის - მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის დაშვების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად მხარეთა მონაწილეობით 2023 წლის 4 ივლისს გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა.
სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა დასაბუთებული პოზიცია სარჩელის განსახილველად მიღების წინაპირობების არარსებობის თაობაზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 31 პრიმა მუხლით დადგენილ დასაბუთების მოთხოვნას, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დასაშვებობა შეაფასა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიიჩნია რა, რომ სადავო კანონქვემდებარე ნორმაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რაც მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის მიჩნეული, უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.