დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ხდება პარტია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება.
„რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით, ხდება პარტია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება ის, რომ მაგალითად, ხაბეიშვილია დღეს პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე. ამით აიხსნება ის, რომ ტელევიზიებში სხვადასხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად „ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ“. „მთავარში“ ასე ვთქვათ, გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, „ფორმულა“ მთლიანად კეზერაშვილი და ა.შ. ანუ, რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანაა, თუ ცოტა კიდევ ქვევით დაიწევს „ნაცმოძრაობა“, შეიძლება 5%-ს ზევით ამოიწიოს სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად „ლელო“, ან „ლელოსთან“ შექმნილი გაერთიანება. ეს არის რეალურად ის გეგმა, რასაც ვხედავთ. საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ასეთი მცდელობები ადრეც იყო. 2016 წელს იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ და არ გამოუვიდათ. შემდეგ, 2020 წელს იყო მცდელობა, რომ ლელო შეესაღებინათ „არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ და 2021 წელს იყო მცდელობა, გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე სახეზეა. მგონია, ეს მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება შეძლონ არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ თუ აიღებს 15 %-ს ამ მესამე სუბიექტმა ფსევდო შუაშისტურმა ნაციონალურმა სუბიექტმა შეიძლება მოახერხო 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ასეც და ისეც არავითარი შანსები მათ არ აქვთ, რეალურად, დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. ბოლო მონაცემებით დეკემბრის ბოლოს მონაცემები ჩვენ გვქონდა 59 პროცენტი ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.