რამდენიმე წუთის წინ ლატვიის სეიმში დასრულდა სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისთვის საჭირო ორიდან მეორე და საბოლოო მოსმენა.
დეპუტატების გამოსვლების შემდეგ გამართულ კენჭისყრაში სტამბოლის კონვენციის დატოვებას სეიმის ასი დეპუტატიდან მხარი 56-მა დაუჭირა (4-ით მეტმა, ვიდრე პირველი მოსმენის დროს), 2-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი 32 იყო.
სეიმის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა მას ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან კანონპროექტის ამოქმედება შეაჩეროს ორი თვით არანაკლებ 34 დეპუტატის მოთხოვნის შემთხვევაში (კანონპროექტის მოწინააღმდეგე პარტიებს 33 დეპუტატი ჰყავთ, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატთაგან კიდევ ერთის მიმხრობა შესაძლებლად მიიჩნევა - „აიპრესი“), ამის შემდეგ კი, კანონპროექტის ძალაში შესვლის შეჩერების ორთვიან ვადაში ქვეყნის მოქალაქეთა 10%-ის შეგროვების შემთხვევაში, კანონპროექტი რეფერენდუმზე იქნეს გატანილი.
ცნობისთვის, სტამბოლის კონვენციას, რომელიც ღიაა ხელმოწერისთვის 2011 წლის 11 მაისიდან, ლატვიამ ხელი 2016 წლის ივნისში მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 2023 წლამდე არ ხერხდებოდა მასში გენდერული კონცეფციის შესახებ არსებული ჩანაწერის მოწინააღმდეგეთა პოზიციის გამო.
სტამბოლის კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა, მოლდოვამ 2017 წლის თებერვალში, უკრაინამ კი 2011 წლის ნოემბერში. კონვენციის რატიფიცირება საქართველოში 2017 წლის მაისში მოხდა, მოლდოვაში 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში კი 2022 წლის ივნისში.
სტამბოლის კონვენცია დღემდე არ აქვთ რატიფიცირებული ბულგარეთს, ლიეტუვას სლოვაკეთს, უნგრეთს და ჩეხეთს და აგრეთვე სომხეთს. თურქეთმა კონვენციის რატიფიცირებას 2012 წელს დაუჭირა მხარი, 2021 წელს კი დენონსირების შესახებ გამოსცა აქტი.




