ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე დამნაშავედ სცნეს და სასამართლო დარბაზში დააკავეს
1545128818
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა დაასრულა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა და განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ სცნო.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე ბრალდებული:შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, ზურა მიქაძე გურამ დონაძე მოსმართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
მოსამართლემ გურამ დონაძეს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა ბაქრაძე იძებნებოდა, ის თბილისის აეროპორტში დააკავეს. მან აღიარა დანაშაული. თუმცა მას აღკვეთი ღონისძიების სახედ 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. დღეს კი მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.




