ბადრი ესებუას ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალთან დაკავშირებით. ამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ და ნიკოლოზ მემანიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრეს.

უფლებადამცველების განმარტებით, ისინი მოიკვლევენ საქმეში პროცედურულ დარღვევებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.