ბადრი ესებუას დევნიდნენ, რადგან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა, რასაც საქმის თავდაყირა დაყენება შეეძლო - ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს.

„სახელმწიფო ბადრი ესებუას სჯის, იმის გამო რაც არ ჩაუდენია. მას დაუჭირეს ძმა და ამ საქმეს არაფერი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბადრი ესებუას ინტერესები დავიცვათ. ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ მას შეახოცეს ხელი. ის არ იმყოფებოდა იმ დროისათვის ზუგდიდში, როდესაც ბანკის ძარცვა მოხდა. მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო დასჯიდა და შესაბამისად, არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არ არის მართებული.

ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა.

რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მათ შორის, ბადრი ესებუასგან“, - განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.