აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღალჩინოსნები პირადი მიზნებისთვის და ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებდნენ, პრემიერ-მინისტრის გამგზავრების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა.
„ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოგზაურობების თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ყველა იმ ხარჯების დაფარვა, რასაც ის საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე საზოგადოება, მათ შორის მაშინ როცა დეკლარაცია იქნება შევსებული, ძალიან კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, რომ რამენაირად პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატურ და მათ შორის დანაშაულებრივ ქმედებას შორის რასაც ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება იქნება შეუძლებელი,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.