სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ წინაფრას და სანიტარიულ კვანძებს, მოეწყო სასადილო, რესურსოთახი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლის ეზოში მოეწყო მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი, ღია სპორტული მოედანი, სადაც  მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სპორტის პოპულარულ სახეობებს: ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს; დაგეგმონ სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და შეჯიბრებები.

შედეგად თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის 156 მოსწავლეს და 26 თანამშრომელს საშუალება აქვს ისარგებლოს თანამედროვე სასკოლო და სპორტული ინფრასტრუქტურით.

200 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები  საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

განხორციელებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს სპორტული აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  აქტიურად აგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგანაც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.