აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა.  მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკით შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება.

,,ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მკაფიო და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამ სტაბილურობის ფონზე შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება. 2025 წელთან შედარებით ბიუჯეტი 10 პროცენტით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდა გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მივმართოთ მოქალაქეებზე, რეგიონის განვითარებასა და პრიორიტეტულ სფეროებზე“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის მიმართულებას. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტურისტული ნაკადების ზრდა დაფიქსირდა და 9 თვის მონაცემებით აჭარაში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.

,,ტურიზმის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაცია მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მომდევნო წელს დაგეგმილია ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელება, რათა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე.