დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში სელაპს მეტსახელად კონი, 15 აგვისტოს რიგით მესამე ნაშიერი შეეძინა. სქესი ჯერჯერობით უცნობია. მამა პედროა.
პატარა სრულიად ჯანმრთელია, იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა, სავარაუდოდ 5-7 კგ-ია, სიგრძე 65 -70 სმ. პატარა სელაპი დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს უწევს ხოლმე, ადამიანთა მსგავსად. ჩვენთან მყოფ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ეს უკვე რიგით მეთერთმეტე მატებაა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს. „16 აგვისტოს კი დელფინების ოჯახში, დანამ მეორე შვილი გააჩინა (პირველი ტოჩია, რომლის ხილვაც შოუს მიმდინარეობისას შეგიძლიათ). დანამ ექოსკოპიის თანახმად, დადგენილ ვადას ოდნავ გადააცილა, რაც ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვრებში მდედრობითი სქესის ნაყოფის ყოლის დროს ხდება. ჯერჯერობით სქესი დაზუსტებული არ არის. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. დაბადებისთანავე დანამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის, რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად მშვიდად დაიწყო სინქრონული ცურვა. ახალშობილის წონა სავარაუდოდ, 12-14 კგ-ია, სიგრძე დაახლოებით 110 სმ. არის ღია რუხი შეფერილობის. დაბადებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, დედამ შვილი რძით გამოკვება. ცნობისთვის, ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხოლო 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად, პატარა თევზსაც მიირთმევს. მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დედისა და ახალშობილის უსაფრთხოების ნორმების გამო, შეჩერდა ინტერაქტივის (დელფინებთან ცურვის) სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ ბინადართა 24-საათიანი მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, ბოლო თვეებია, დელფინარიუმის თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება სდევს, თითქოს ეს პირველია“,-აცხადებენ, ბათუმის დელფინარიუმში. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში სელაპის ან დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია, თუმცა აქ მსგავსი შემთხვევა უკვე ტრადიციად იქცა. ეს ადასტურებს, რომ ბინადრები ჩვენთან, მოვლისა და შენახვის, ურთიერთობისა და ზრუნვის თვალსაზრისით, იდეალურ გარემოში იმყოფებიან ყველა პრევენციული ზომის გათვალისწინებით. კვალიფიციური სპეციალისტები, დელფინარიუმის მესვეურნი ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებენ ახალ ბინადრებს