ხაშურის მერია განცხადებას ავრცელებს
"ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება სააგენტო „ქართლის ამბებზე“ გასულ დეზინფორმაციას, თითქოს ხაშურში ეზოების კეთილმოწყობის ტენდერი 3 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადების გამო ჩავარდა.
აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სატენდერო პროცედურების შესაბამისად, 26 სექტემბერს პრეტენდენტმა მუნიციპალიტეტისგან ოფიციალურად მიიღო შეტყობინება კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რისთვისაც მას განესაზღვრა კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა - 5 სამუშაო დღე. მუნიციპალიტეტს შეეძლო, კომპანიისთვის დაეწესებინა უფრო მოკლე ვადა, თუმცა პრეტენდენტის ინტერესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მას დოკუმენტაციის წარმოსადგენად მაქსიმალური ვადა განუსაზღვრა.
შესაბამისად, პრეტენდენტს ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი ვადა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.
ვინაიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება, 3 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ, არ ვრცელდებოდა შესყიდვების პროცედურებზე, მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით და არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო პრეტენდენტს მიანიჭა დისკვალიფიკაცია.
აქვე განვმარტავთ, რომ სატენდერო პროცედურის ტექნიკური სტანდარტის მიხედვით, შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს წინასწარ სცოდნოდა, რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში.
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ცდილობს, დაიცვას ნებისმიერი პირის თუ კომპანიის ინტერესი და ამავდროულად, უზრუნველყოს კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.
შესაბამისად, ტენდერში მონაწილე კომპანიის დისკვალიფიკაციის უქმე დღესთან დაკავშირება წარმოადგენს უსაფუძვლო სპეკულაციას და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს." - ნათქვამია ხაშურის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.