იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო.
პროექტის მიზანი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ქართული მუსიკის სათანადოდ წარმოჩენაა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: გიორგი ანდღულაძემ, ქეთი მელუამ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ლელა მჭედლიძემ, ლევან დეისაძემ, დიმიტრი საკანდელიძემ და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ. საღამო მუსიკალურად გააფორმა სკარლატის სახელობის ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით.
აღსანიშნავია ქართველი ბანის - გიორგი ანდღულაძის წვლილი ამ პროექტის განხორციელებაში. სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი როგორც ძეფირელის სახლ-მუზეუმში კონცერტის გამართვა, ისე Orchestra Domenico Scarlatti-სთან უსასყიდლო თანამშრომლობა.
კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის დარბაზში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარადგენს ქვეყანა თავს მსოფლიოს წინაშე. ფლორენციაში, რომელსაც მსოფლიო ხელოვნების მექას უწოდებენ, ჩვენ წარვდექით უმაღლესი ხარისხის პროფესიული მუსიკით. ეს იყო ჩვენი ოქროს ფონდის, შესანიშნავი შემსრულებლების, მუსიკოსების, ორკესტრის საუკეთესო გამოფენა.
ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს ხელოვნებაში. ამ ენას არ სჭირდება თარგმანი, - ეს არის ის, რაც გულს ათბობს და რაც ქვეყნისთვის პირდაპირ ჭრის გზას“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
დავით თორაძისადმი მიძღვნილ საღამოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.