ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", პაატა ჩადუნელი, აცხადებს, რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილი ცდილობს, საკუთარი კანდიდატურა წარმოაჩინოს, როგორც მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი.

ჩადუნელის თქმით, ვალერი გელაშვილს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ხაშურში მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან სწორედ თავად არის.

"ხაშურის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია მერობის ორი კანდიდატი. ერთი გახლავართ მე, პაატა ჩადუნელი, წარდგენილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" და ასევე არის წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ვალერი გელაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი, სამწუხაროდ ცდილობს, რომ გაასაღოს თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ის არ არის კავშირში "ქართულ ოცნებასთან", იგი არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას". მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"," - აცხადებს პაატა ჩადუნელი.