საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S“ის წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა.
პროექტით გათვალისიწინებულია 30,000-40,000 P.E. წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2,5კმ. ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა.
პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სესხით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 19 მილიონ ევროზე მეტია.
გარდა ამისა, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტით გათვალისწინებულია მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში — წყალარინების ქსელის მშენებლობა. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქალაქის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
პარალელურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა.
ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში - 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.