მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მე, ყოველდღიურად თუ არა, ჯანდაცვის საკითხებში ჩემი მრჩეველი ყოველდღიურად, ნამდვილად [იღებს ინფორმაციას]. მე, ყველა მხრიდან, რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო, ვარ და ამაში ძალიან ჩართული ვარ. ახლა პირებს არ დავასახელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთი არის სამართლიანობის განცდა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს. მეორე არის ადამიანურობის საკითხი და ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემა. მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს. არსებობს კომისია, რომელიც არის იუსტიციის ხელში, რომელსაც ჯანმრთელობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. არსებობს რამდენიმე ქვეყნის მზადყოფნა, არამხოლოდ პოლონეთის, რომ აქ გამოგზავნონ ექიმები. მე ასევე უცხოეთში ვთქვი ის, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ძალიან გამიჭირდება, თუმცა შეიძლება მე არავინ მკითხოს, ვთქვათ, რომ უცხოეთში აუცილებელია მისი გაყვანა, იმიტომ, რომ ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობ, რომ ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო და ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არასანდოა. ამიტომ, მე მგონია, რომ უფრო ადგილზე უნდა იყოს გამოსავალი ნანახი და არსებობს ეს პროცედურები. დეტალებში არ შევალ. ეს არის ხელისუფლების ხელში და მე მგონი, იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია. უნდა დავიცვათ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იქ, სადაც გასაყვანია“ - განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.