როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.
"არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია. [წყენა] თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც იმათ არ აქვთ დღემდე, ასე ჩანს. ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ! ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.
„ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და ეს, რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ დაინახავს რომ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტზე მიდის მუშაობა, მაინც მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ასე პასუხობს: „მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ, თუ-ზე გავჩერდები."
მისი თქმით, კითხვაზე შესაძლოა თუ არა ამის მოლოდინი არსებობდეს, ამას დღეს, ეთერში პასუხს გაცემას არ აპირებს.
„უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან [პატიმრები], რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.